ე.წ. სამხრეთ ოსეთი მზად არის კატალონიის დამოუკიდებლობა აღიაროს

კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. აქედან ერთი საათის გასვლის შემდეგ კი, ესპანეთის სენატმა, ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობა შეიყვანა და კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.

ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ რეგიონის ხელისუფლება დაითხოვა და მის მმართველად ქვეყნის ხელისუფლების ვიცეპრემიერი დანიშნა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა კი ბრძანება მისი პოსტიდან გათავისუფლების შესახებ უგულებელყო.

სამხრეთ ოსეთი მზად არის, კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განუცხადა.

„ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბარსელონადან, სადაც ჩვენი წარმომადგენლობის ოფისი გავხსენით. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება განიხილავს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს, თუ კატალონიიდან შესაბამის მიმართვას მივიღებთ“, – განაცხადა მედოევმა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული კატალონიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა El Periodico ავრცელებს.

La Vanguardia-ის ცნობით, კატალონიის ყოფილი ლიდერი ბრიუსელში იმყოფება და მას თან რეგიონის მთავრობის სხვა წარმომადგენლები ახლავს. პუჩდემონი ბელგიის დედაქალაქში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ პუჩდემონის გამგზავრება ესპანეთის გენერალური პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებებას უკავშირდება.

Comments
Loading...