ვენესუელაში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 939-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალფრედო რომერომ მიკრობლოგ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ ქვეყანაში მასობრივ ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 939-მდე გაიზარდა.

ალფრედო რომერო აღნიშნავს, რომ ეს 21 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაკავებულთა საერთო რაოდენობაა. მან დასძინა, რომ 755 ადამიანი კვლავ პატიმრობაშია.

მან ასევე ვენესუელის შტატ იარაკუის მოსამართლის მონაცემები გაიხსენა, რომლის მიხედვითაც 94 დაკავებული არასრულწლოვანია.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE- ს სამი ჟურნალისტი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს. სააგენტოს ცნობით, ბოლივარის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (SEBIN) თანამშრომლები EFE-ს ადგილობრივ ოფისში მივიდნენ, სადაც ესპანელი გონსალო დომინგეს ლოედა და კოლუმბიელი მაუენ ბარიგუ ვარგასი დააკავეს.

დაზვერვის თანამშრომლებმა ასევე განაცხადეს, რომ სააგენტოს ფოტოგრაფი, კოლუმბიელი ლეონარდო მუნიოსი, სამხედრო კონტრდაზვერვის გენერალურმა დირექტორატმა (DCGIM) დააკავა. EFE- ს ცნობით,  ჟურნალისტების დაკავების მიზეზი უცნობია.

მას შემდეგ, რაც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გაუიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. ხუან გუაიდოს მხარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.

Comments
Loading...