ვენეციაში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი – ქალაქს ტურისტები ტოვებენ

ვენეციაში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი, ადგილობრივი მოსახლეობა წყალდიდობისთვის ემზადება, ინფორმაციას გაზეთი Repubblica ავრცელებს.

მაღაზიებსა და რესტორნებში, რომლებიც წყალდიდობის გამო ჯერ არ დახურულა, სპეციალური ლითონის ბარიერებია დამონტაჟებული, რათა შენობაში წყალი არ შევიდეს.

ვიზიტორებისთვის ბევრი კაფე დახურულია. ზოგიერთ სასტუმროში პირველი სართული ასევე დატბორილია.

Associated Press-ის ცნობით, ვენეციას ტურისტები წყლის დონის მატების გამო ტოვებენ. წყლის დონემ ადგილობრივი დროით, 13:00 საათამდე შესაძლოა 160 სმ-ით მოიმატოს. ქალაქში საფრთხის “წითელი” დონეა გამოცხადებული.

სამშაბათის შემდეგ, ვენეციის შენობებში ლიფტები არ მუშაობს, ასევე კაფეებსა და მაღაზიებში კომპიუტერები და ტერმინალებიც სრულყოფილად არ ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, ვენეციაში გადაუღებელი წვიმების გამო, ქალაქის 80% -ზე მეტი დაიტბორა. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წყლის დონემ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, დაიტბორა ვენეციის ცენტრალური სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. წყალმა დატბორა ასევე საკათედრო ტაძარი, სადაც წყლის დონემ 1 მეტრს გადააჭარბა. წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

Comments
Loading...