ვის და რატომ ეცემა მეხი? – უიღბლობა თუ სასჯელი ზემოდან

სტატისტიკურად, ადამიანზე მეხის დაცემის ალბათობა ძალიან მცირეა – დაახლოებით, 3000-დან 1 შემთხვევა, თუმცა…

გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებულია ფაქტი, როცა ერთსა და იმავე ადამიანს მეხი 7-ჯერ დაეცა და ამასთანავე, ცოცხალი დარჩა.
როი სალივანი 1912 წელს ამერიკის ქალაქ გრინ-კაუნტში დაიბადა. 1936 წლიდან ის შენანდოას ეროვნული პარკის მეთვალყურედ მუშაობდა. 1942 წელს სამეთვალყურეო კოშკზე მყოფ როის მეხი პირველად დაეცა. პირველ ჯერზე პარკის მეთვალყურე შედარებით იოლად გადარჩა – ელექტრონული განმუხტვის შედეგად, მას ცერა თითზე ფრჩხილი მოსძვრა.
მეხის მეორედ დაცემის „ბედნიერება“ როის მხოლოდ 27 წლის შემდეგ, 1969 წელს ხვდა წილად. ამ დროს ის მთაში მანქანით მოძრაობდა. როის შოკისგან გონება არ დაუკარგავს, მხოლოდ წარბები შეეტრუსა.

ამ დღის შემდეგ, მეხი თითქოს თან დაჰყვებოდა და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა, რომ საბრალოს თავზე დასცემოდა. 1970 წელს სალივანს „ძველი მეგობარი“ თავზე საკუთარი სახლის ეზოში დაეცა.
იგივე განმეორდა 1972 წელსაც. ამჯერად, როის მთლიანად დაეწვა თმა, ამიტომ ყოველთვის თან დაჰქონდა ბოთლით წყალი.

1973 წელს ეროვნული პარკის უიღბლო მეთვალყურეს მეხი მეხუთედ დაეცა და დამწვარი თმის გარდა, დაგლეჯილი ფეხსაცმელები და დაზიანებული კოჭი დაუტოვა. 1976 წელსაც იგივე განმეორდა.
მეშვიდედ და უკანასკნელად სალივანი 1977 წელს დაზარალდა. ჭექა-ქუხილის დროს, ის ტბაზე სათევზაოდ იმყოფებოდა. მეხის დაცემის შედეგად როი საავადმყოფოში მუცლისა და მკერდის ძლიერი დამწვრობით მოათავსეს.

ძნელი სათქმელია, ვინ იყო როი სალივანი, იღბლიანი ადამიანი თუ, პირიქით, ქრონიკულად უიღბლო, თუმცა
აღსანიშნავია, რომ სალივანის სიცოცხლე მაინც ტრაგიკულად დასრულდა. ამ შემთხვევაში, მეხი არაფერ შუაშია. 1983 წლის სექტემბერში 71 წლის სალივანმა, უპასუხო სიყვარულის გამო, მუცელში გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არანაკლებ საინტერესოა ამერიკელი ოფიცრის სამერფორდის ისტორია, რომელიც მეხის სამჯერ დაცემის შემდეგ ცოცხალი გადარჩა, თუმცა მესამე შემთხვევის შედეგად ის მთლიანად პარალიზებული დარჩა და რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა. სხვათა შორის, სამერფორდის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, მეხი მის საფლავზე მდგარ ბიუსტს დაეცა და სრულიად გაანადგურა.

კიდევ ერთი დაუჯერებელი დამთხვევა მოხდა იტალიაში. 1899 წელს ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. 1929 წელს იმავე მიზეზით დაიღუპა მისი შვილი, ხოლო 1949 წელს – შვილთაშვილი.

ავტორი: ნელი თორდია

წყარო: http://funtime.ge
Comments
Loading...