ზალიკო უდუმაშვილი პოლიტიკაზე დიდი ხანია ფიქრობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისთვის პოლიტიკაში წასვლაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. თუმცა, უდუმაშვილი აქვე დასძენს, რომ მან პოლიტიკაზე ფიქრი დიდი ხნის წინ დაიწყო და ამისთვის შესაბამისი გარემოების შექმნას ელოდებოდა.

„ბუნებრივია, ვმერყეობდი. 25 წელი ვიმუშავე ტელევიზიაში, ვიყავი ჟურნალისტი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შესაბამისად გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არ იყო, რომ ერთ დღეს დამეტოვებინა ეს ყველაფერი და შემეცვალა ჩემი ცხოვრება, თუმცა არც იმას დავმალავ, რომ ეს არ მიმიღია სპონტანურად, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზე ფიქრიც მე 2 თვე დამჭირდა.

ზოგადად პოლიტიკაზე ფიქრი გაცილებით ადრე დავიწყე, უბრალოდ ამისთვის უნდა შექმნილიყო გარკვეული გარემოებები, მე თავად უნდა ვყოფილიყავი მზად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, შესაბამისი პოლიტიკური გარემოც უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მე მეგრძნო თავი კარგად ამ ნაბიჯის გადადგმით.

ქრონოლოგიურად რომ ავიღოთ, კონსულტაციები არ დაწყებულა კიევში, ეს გაცილებით ადრე დაიწყო“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

Comments
Loading...