‘ზეიმობს მთელი ქვეყანა’ – უეფამ კომენტატორთა ჰიტებში კოტე მახარაძის ფრაზა შეიყვანა

უეფამ ევროპული ფეხბურთის კომენტატორთა ყველა დროის უდიდესი ჰიტები შემოგვთავაზა. 60-ზე მეტ რჩეულ ფრაზას შორის ერთი ქართულია - კოტე მახარაძის დაუვიწყარი სიტყვები, მას მერე, რაც ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის საბოლოო სასტვენი გაისმა და დინამო თბილისმა ტროფეი მოიპოვა.

39 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში აღმოსავლეთგერმანული კარლ ცაისი 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველი და ერთადერთი ევროთასი მოიპოვა.

“წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში! ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა – თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს”.

ეს ფრაზა ლეგენდარულმა ქართველმა კომენტატორმა და მსახიობმა რუსულად თქვა, რადგან პირდაპირი რეპორტაჟი გერმანიიდან საბჭოთა ტელევიზიით გადაიცემოდა.

“ეს ფრაზა საბჭოთა კომენტატორმა კოტე მახარაძემ თქვა, რომელიც ქართველი იყო. ამ კომენტარის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ “ქვეყანას” გულისხმობდა ის. რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა”, – წერს უეფას ოფიციალური საიტი.

 

 

წყარო: popsport.com

Comments
Loading...