ზუგდიდის მერთან დაკავშირებით სუსმა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო

ზუგდიდის მერთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
გარდა ამისა, დაახლოებით ერთი თვის წინ, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო, რომლის დროსაც ასევე გამოკითხვაზე იყო დაბარებული ლაშა გოგია.

შეგახსნებთ, რომ ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან საზოგადოებას და ამომრჩეველს “ფეისბუქის” საშუალებით ამცნო.

“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი” – წერს ლაშა გოგია.

ზუგდიდის მერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მერის მოადგილემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო. როგორ მაიზერ ნანავამ განაცხადა, მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდენელი იყო. “ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, მეც სოციალური ქსელით გავიგე, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო,-განაცხადა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა გავრცელებულ ჩანაწერსა და სუს-ში დაწყებულ გამოძიებას ბოტანიკური ბაღის საქმიანობასთან დაკავშირებით, ნანავამ უპასუხა, რომ მას ამის შესახებ არაფერი სმენია.

Comments
Loading...