ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის აღკვეთ ღონოსძიების შეაფარდებაზე მსჯელობს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, სასულიერო პირები ბერს სხვადასხვა ეპარქიიდან თავდებში უდგებიან.

უფლებადამცველის თქმით, ბერი მომხდარს განიცდის როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად სასულიერო პირის სურვილია დღევანდელ პროცესზე დასწრება.

“სასულიერო პირები მზად არიან თავდებში დაუდგნენ. არ წყდებოდა ზარები. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ ბერი მისაბაძია თავისი წარსულით და ისიც ადამიანია და ყველას დაუდგება ალბათ განსაცდელის ჟამი, და ამ ჟამს ჩვენ ვართო მის გვერდით”, – აღნიშნა ჯიტა გულუამ.

ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სასულიერო პირის მიმართ არ გამოიყენოს აღმკვეთი ღონისძიების ფორმად პატიმრობა, თუკი ეს იქნება პროკურატურის მოთხოვნა. ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, და რომ აქვს დასაბუთებული საფუძვლებიც.
ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა.

Comments
Loading...