ზურაბიშვილი: საფრანგეთის მოქალაქე აღარ ვარ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობა აღარ აქვს. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ის საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია.

„არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ და ვთვლი, რომ ეს აუცილებელია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ორ ქვეყანას შორის, საფრანგეთსა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

„საფრანგეთმა ქართველებს ერთი საუკუნის მანძილზე, ემიგრანტებს პირველ რიგში, გაუწია ძალიან დიდი დახმარება, თავშესაფარი მისცა და მათ არა მხოლოდ განძი დაუბრუნა, როცა ექვთიმე თაყაიშვილი დაბრუნდა საქართველოში, შეუნარჩუნა ლევილის სასახლე და ძალიან ბევრი კიდე სხვა ფორმით დახმარება გაუწია იქ მყოფ ქართველებს 100 წლის განმავლობაში. ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს კიდევ მიდიან საფრანგეთში და იქ პოულობენ თავიანთ ადგილ-სამყოფელს, და ხან მოქალაქეობით რჩებიან, ხან არალეგალურად, მაგრამ საფრანგეთი მაინც არის კეთილგანწყობილი ქართველების მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Comments
Loading...