“თამარის ლაშქრობა”-ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში აუცილებლად სანახვი ტილო

მუზეუმის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტილოა აპოლონ ქუთათელაძის "თამარის ლაშქრობა". ტილოს გვთავაზობს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფეისბუქ გვერდი.

აპოლონ ქუთათელაძის მრავალფიგურული კომპოზიცია ასახავს ბატალურ სცენას, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ისტორიულ გადააზრებას. საბჭოთა სახვით ხელოვნებაში ისტორიული სიუჟეტები პოლიტიკური პროპაგანდის საშუალებად მიიჩნეოდა და, უმეტესწილად, ამ ჟანრის ნამუშევრები იგებოდა ძლიერი მმართველების, სამეფოების,ბრძოლებისა და ისტორიული გმირების ასახვით. ძლიერი მონარქიის თუ იმპერიის ხოტბა აძლიერებდა საბჭოთა იდეოლოგიას.

ქუთათელაძის ნამუშევარში გამოსახულია თამარ მეფე თავისი ლაშქრით. საბრძოლველად მომზადებული მეომრები და დედოფალი ერთიანობის და თანასწორობის განწყობას ქმნის. რიტმული გადანაწილება, კონტრასტული ფერები, განათება და პირობითად გამოსახული დეტალები ისტორიულ სცენას არა დამპყრობლურ, არამედ პოეტურ ჭრილში წარმოაჩენს. თამარ მეფის სახის გამომეტყველება, დროშები, სამხედრო აღჭურვილობა, გარემო და ცხენები პირობითი გამოსახულებისაა. თხრობაში რეალისტურობა და სიზუსტე უკუგდებულია, რაც ძალაუფელბის პათოსს აქარვებს. ქუთათელაძის ნამუშევარში აქცენტირებულია ინტენსიურ ფერებში დახატული ცხენები. ისინი აღიქმება, როგორც ფერადი ლაქები. ამ ფორმით მხატვარს ქართულ საბჭოთა ხელოვნებაში თანამედროვე ხელოვნების ენა შემოაქვს. მსგავსი ფერადი აქცენტები სოცრეალისტური კომპოზიციისთვის დამახასიათებელი არ იყო.

აპოლონ ქუთათელაძე “თამარის ლაშქრობა.” 1970. ტილო, ზეთი.

Comments
Loading...