თბილისის მერის ახალი მოადგილე კახა გულედანი იქნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილედა კახა გულედანი წარადგინა- ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მოგესალმებით, თითოეული ჩვენგანისთვის დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა, რადგან ჩვენს შორის აღარ არის საუკეთესო მეგობარი, ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, წესიერი, პროფესიონალი ადამიანი, თავის ქვეყანასა და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ილია ელოშვილი.
მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას!

ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა ილია.

მინდა, მივმართო შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულებს: არცერთი ეს საქმე არ გაჩერდება, ყველას ბოლომდე მივიყვანთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ილია ელოშვილს ეკუთვნის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტა: „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ პოინტის“ და სხვა დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრა. ადამიანებს, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში უიმედოდ ელოდებოდნენ თავიანთ ბინებს, ილია ელოშვილმა, თავის თანაგუნდელებთან ერთად, ეს პრობლემა ეფექტურად მოუგვარა. შესაბამისად, ილიას მუშაობის შედეგად, დაზარალებული ოჯახები ძალიან მალე მიიღებენ თავიანთ საცხოვრებელ ბინებს, პრაქტიკულად, ყველა ობიექტი მშენებლობის ეტაპზეა.

სწორედ ამ საქმეების ბოლომდე მისაყვანად, მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო მოადგილის კანდიდატურა, რომელსაც ყველა კარგად იცნობს- კახა გულედანი. ის წლებია მუნიციპალიტეტში მუშაობს. თავდაპირველად სამგორის გამგებელი იყო, შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლა, თუმცა გასულ წელს დაგვიბრუნდა და დღემდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. კახა გამოცდილი კადრია. ის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა. მჯერა, რომ კახა წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. კახა მუნიციპალიტეტის ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს გაუწევს კურატორობას. ასევე, ის უხელმძღვანელებს დაუსრულებელი მშენებლობების საკითხს.”

შეგახსენებთ, აღნიშნულ პოსტს ილია ელოშვილი იკავებდა.  სამწუხაროდ, იგი 1ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

Comments
Loading...