თეთრი დათვები, შესაძლოა, 2100 წლისთვის გადაშენდნენ — კვლევა

ახალი კვლევის პროგნოზის თანახმად, თუ კლიმატის ცვლილებას უფრო აქტიურად არ დავუპირისპირდებით, მიმდინარე საუკუნის მიწურულს ჩვენს პლანეტაზე თეთრი დათვები აღარ იარსებებენ.

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ყინულის კლებასთან ერთად, მეცნიერების თქმით, პოლარული დათვების რამდენიმე პოპულაციამ უკვე მიაღწია თვითგადარჩენის ზღვარს. საქმე ისაა, რომ ამ ხორცისმჭამელ ცხოველებს არქტიკის ოკეანის ყინული სელაპებზე ნადირობისთვის ესაჭიროებათ.

ყინულის დანაწევრების პარალელურად ცხოველები საკუთარი თავებისა და ბელების გამოსაკვებად იძულებულნი ხდებიან, სანაპიროზე გაცილებით დიდ დისტანციებზე გადააადგილდნენ.

“დათვი კლიმატის ცვლილების მარკეტინგულ სახედ იქცა”, — აცხადებს დოქტორი პიტერ მოლნარი ტორონტოს უნივერსიტეტიდან, — “თეთრი დათვები უკვე მოქცეულნი არიან ჩვენი სამყაროს თავზე; თუ ყინული გადნება, მათ წასასვლელი აღარსად ექნებათ”.

არქტიკაში ზღვის ყინული სისქეშიც იკლებს და მოცულობაშიც.

ფოტო: Katharina M Miller

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ თეთრი დათვები უკვე წერიან გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობების სიაში. ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი კი კლიმატური ცვლილებებია.

კვლევებით დასტურდება, რომ ოკეანის ყინულის დნობა დიდი ალბათობით გამოიწვევს თეთრი დათვების რაოდენობის კლებასაც. ახალმა კვლევამ კი, რომელიც Nature Climate Change-ში დაიბეჭდა, თეთრი დათვების გადაშენების პროცესს კონკრეტული დრო განუსაზღვრა.

პოლარული დათვების მიერ ენერგიის გამოყენების მოდელირებით მკლევრებმა მათი გამძლეობის ლიმიტის გამოთვლა შეძლეს. “რისი ჩვენებაც ჩვენ შევძელით, არის ის, რომ, პირველ რიგში დაიკლებს ბელების გადარჩენის შანსები”, — ხსნის კვლევის თანაავტორი, დოქტორ სტივენ ამსტრაპი, — “ამგვარად, დათვის ბელები კი დაიბადებიან, მაგრამ მდედრებს მათ გამოსაკვებად საჭირო რძის გამოსამუშავებლად ორგანიზმში ცხიმები აღარ ექნებათ. ამის შედეგად, ახალი თაობის წარმომადგენლებს უყინულო სეზონების გადატანა გაუჭირდებათ”.

“ყველამ მშვენივრად ვიცით, საკვების გარეშე ცხოვრება რომ შეუძლებელია”, — ურთავს ის — “ეს ბიოლოგიური მოცემულობა ყველა სახეობაზე თანაბრად ვრცელდება”.

ძუ დათვებმა ბელების გამოკვება რომ შეძლონ, სხეულში ცხიმის საკმარისი ოდენობა უნდა ჰქონდეთ.

ფოტო: Polar Bear International

მკვლევრებმა იმის პროგნოზირებაც შეძლეს, თუ როდის მოხდება არქტიკის სხვადასხვა ნაწილში ამ მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები. მათი თქმით, ზოგიერთ ისეთ ადგილას, სადაც თეთრი დათვები სახლობენ, მსგავსი ცვლილებები უკვე მოხდა კიდეც.

“იმის ჩვენებით, თუ რამდენად მყისიერია საფრთხე, რომლის წინაშეც პოლარული დათვების ზოგიერთი პოპულაცია დგას, ჩვენ გვსურს ხალხს შევახსენოთ, რომ მომავლის ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ”, — ამბობს დოქტორი ამსტრაპი, — “ის ტრაექტორია, რომელსაც დღეს მივყვებით, კარგი ნამდვილად არაა. მაგრამ თუ საზოგადოება გონს მოეგება, ჯერ კიდევ გვაქვს დრო პოლარული დათვების გადასარჩენად. და თუ ამას შევძლებთ, ამით მთლიან დედამიწას — ჩვენი თავების ჩათვლით — დიდ სარგებელს მოვუტანთ”.

კვლევის მიხედვით, თუკი სათბური აირების დიდი დოზებით გამოყოფა გაგრძელდება, დიდი ალბათობით, 2100 წლისთვის თეთრი დათვების პოპულაციათა უმრავლესობა გაქრება. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათბური აირების გამოყოფა ნაწილობრივ იკლებს, დათვების რამდენიმე პოპულაცია მაინც ვერ გადარჩება.

ეს შედეგები თანხვედრაშია წინა პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც, კლიმატური ცვლილებების შეუფერხებლად, 2100 წლისთვის მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები პოლარული დათვები გადაურჩებიან გადაშენებას.

თეთრ დათვებს ზღვის ყინული საკვების მოსაპოვებლად ესაჭიროებათ.

ფოტო: BJ Kirschhoffer

ზღვის ყინული ოკეანის ზედაპირზე მოძრაობს და ის ზღვის წყლისგან სეზონების ცვლის შესაბამისად წარმოიქმნება და დნება. ზოგი მათგანი არქტიკაში წლების განმავლობაში ნარჩუნდება, რაც ისეთი სახეობებისთვის ქმნის ხელსაყრელ საცხოვრებელ გარემოს, როგორებიც თეთრი დათვები, სელაპები და ლომვეშაპები არიან.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული პლანეტის ორბიტაზე გაშვებული თანამგზავრებით არქტიკაზე დაკვირვება გახდა შესაძლებელი. სწორედ თანამგზავრების ჩანაწერებიდან ვიცით, რომ არქტიკაში ზღვის ისეთი ყინულის მოცულობა, რომელიც ერთ წელზე მეტხანს ძლებს, ყოველ ათწლეულში დაახლოებით 13%-ით იკლებს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...