თეთრი სახლი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის მზადყოფნას აცხადებს

ვაშინგტონი მზად არის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრისთვის, რომელიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეხება. ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში თეთრი სახლის პრესმდივანი სტეფანი გრიშემი აცხადებს.

„ეს არის ის, რასაც ველოდებით. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დემოკრატები გონს მოეგებიან. მათ იციან, რომ პრეზიდენტს ცუდი არაფერი გაუკეთებია“, – აცხადებს გრიშემი.

მისი თქმით, თეთრი სახლი ემზადებოდა მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებისთვის. გრიშემის თქმით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერისა და იმპიჩმენტის ინიციატორის ნენსი პელოსის მოქმედებებიდან გამომდინარე აშკარა იყო, რომ დემოკრატები მას მხარს დაუჭერდნენ.

31 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატები არიან, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქმის წაყვანა კი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს დაზვერვის საკითხებში დაევალა.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა თავიდან ავიცილოთ იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა უარი უთხრას გამოძიებას დოკუმენტების წარდგენაზე, ან შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენების მიცემის პროცესი არ მიიყვანოს ბოლომდე და წარმომადგენელთა პალატას მუშაობაში დაბრკოლებები შეუქმნას“, – აცხადებს პელოსი.

იმ შემთხვევაში, თუკი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი დაზვერვის საკითხებში საკმარისად ჩათვლის სამხილებს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ბრალდებებს მის წინააღმდეგ, წარმომადგენელთა პალატის მთელი შემადგენლობა განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუკი იმპიჩმენტს მხარს უმრავლესობა დაუჭერს, მაშინ აღნიშნული საკითხი განხილვისთვის ზედა პალატაში – სენატში გადავა, რომლის უმრავლესობაც რესპუბლიკელები წარმოადგენენ.

იმპიჩმენტის ინიციატორების ვერსიის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც მან ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე, რათა გამოძიება გაგრძელებულიყო ჰანტერ ბაიდენის – ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის, ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ. უმცროსი ბაიდენი უკრაინულ კომპანია Burisma Holdings-ში მუშაობდა.

Comments
Loading...