თეიმურაზ კოპაძე – „ნენსკრა ჰესის“ ნაგებობების ასაშენებლად იგივე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება მოხდება, რაც სეისმური და გარემოს კუთხით ჩვენს მსგავს რეგიონებში გამოიყენება

„ნენსკრა ჰესის“ ნაგებობების ასაშენებლად იგივე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება მოხდება, რაც სეისმური და გარემოს კუთხით ჩვენს მსგავს რეგიონებში გამოიყენება“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, სს “ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მოწინავე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული ჰესის მართვისა და მონიტორინგის ნაწილში.

კოპაძის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოსთან განსხვავებული ტიპის ხელშეკრულებაა გაფორმებული. კერძოდ, ინვესტორი ჰიდროელექტროსადგურს აშენების შემდეგ 36 წლის განმავლობაში მართავს, შემდეგ კი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

„ნენსკრა ჰესი“ სხვა ჰესებისგან კიდევ იმით განსხვავდება, რომ გენერირებული ელექტროენერგია მთლიანად სახელმწიფოს განკარგულებაში გადადის. სახელმწიფოს გადასაწყვეტია, მას შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს, თუ ექსპორტზე გაიტანს. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ ინვესტორი ფაქტობრივად ოპერირებს და არ განკარგავს ელექტროენერგიის გასხვისებას, არ წყვიტავს ტარიფს – იგი ფიქსირებულია და შეთანხმებულია ოპერირების პერიოდში. არსებული ხელშეკრულებით, ჰიდროელექტროსადგური 36 წლის განმავლობაში იქნება მართვაში, თუმცა სახელმწიფოს შეუძლია მთლიანად გამოისყიდოს ჰესი – გარკვეული თანხის სანაცვლოდ და გაისტუმროს ინვესტორი. ჰესს ოპერირებას კორეის წყლის რესურსების კორპორაცია გაუწევს, რომელსაც მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში 50 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება აქვს“, – განაცხადა თეიმურაზ კოპაძემ.

მისივე თქმით, ჰესის სიმძლავრე 280 მეგავატზეა გათვლილი, წლის განმავლობაში კი გენერაცია მილიარდ ორას მილიონ კვ.სთ იქნება.

ასევე კოპაძის განცხადებით, მთავარი პლუსი ჰესის ის არის, რომ ელექტროენერგიას ზამთრის პერიოდში სტაბილურად გამოიმუშვებს და ადაპტირებულია ქვეყნის მოთხოვნებზე.

„ნენსკრასგან განსხვავებით, სხვა ჰესები მეტ ელექტროენერგიას ზაფხულის პერიოდში გენერირებენ. მაღალკაშხლიანი ჰესის მშენებლობა იმიტომ ხდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეზერვუარი, სადაც დაგროვდება წყალი და შემდეგ ამ წყლის გამოყენება ზამთრის პერიოდში მოხდეს. ამდენად, „ნენსკრა ჰესი“ სტაბილურად მოახდენს ელექტროენერგიის გენერირებას წლის ნებისმიერ სეზონზე. შედარებისთვის, ენგურთან შედარებით ნენსკრა ჰესის რეზერვუარის მოცულობა 10–ჯერ ნაკლები იქნება. წყლის სარკის ზედაპირიც, ენგურთან შედარებით, მცირეა – 2.7 კვ.კმ, ენგურის კი 13.5 კვ.კმ. კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი იქნება, თუმცა ტურბინები კაშხლიდან მოშორებით, მდინარის ქვედა დინებაში იქნება განთავსებული და გვირაბით დაკავშირებული, რაც წნევის შექმნას და ტურბინების მაღალეფექტურობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა სს “ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორმა.

interpressnews.ge

Comments
Loading...