თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას “ენმ” კიდევ ერთხელ მოითხოვს​

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვს.

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ, საჭირო 50 დეპუტატის მხარდაჭერის მიღებას მოახერხებს.

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ მხოლოდ კომისიას შეუძლია დაადგინოს სიმართლე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ კომისიის შექმნის გარეშე ეს საკითხი არ იქნება გამოძიებული და აუცილებლად პარლამენტმა უნდა დაიწყოს განხილვა,“-განაცხადა რომან გოცირიძემ IPRESS-თან საუბრისას.

როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას მხარს უჭერს „ევროპული საქართველოს“ და კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი.

ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებენ მმართველ გუნდში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო კომისია საქმეს გამოძიების პარალელურად არ უნდა სწავლობდეს.

Comments
Loading...