თორდია-ფარცხალაძის საქმეზე არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა, სადაც სავარაუდოდ, ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული, – აღნიშნულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ ვიდეომასალის გავრცელება ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას საეჭვოდ ემთხვევა და შესაძლოა, მიზნად ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს.
”განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საქართველოს გენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს. 24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომეტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ, ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა, თუმცა დღემდე ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი დადგენილი არ არის და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი. მიგვაჩნია, რომ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, ეს კი შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. ამასთან გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეომასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებს. აღნიშნული განცხადება აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ. ამგვარი განცხადების გავრცელება კი შესაძლოა ასევე შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობად”, – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...