თურნავა: ჩინეთთან და ირანთან ტურისტული მიმოსვლის შეწყვეტის გამო, ტურისტულმა ინდუსტრიამ 30 მილიონ ლარზე მეტი იზარალა

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვირუსის გავრცელება და ვირუსის გამო საქართველოს ეკონომიკაზე, ისევე როგორც გლობალურ ეკონომიკაზე ზემოქმედება არ არის ზუსტი მათემატიკა. ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ჩვენს შემთხვვევაშიც, დამოკიდებულია ა – ვირუსის გავრცელების დინამიკაზე და ბ – არის დამოკიდებული სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, რაც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული საკითხები.

აქედან გამომდინარე არის, რომ ციფრები იცვლება, მოლოდინები იცვლება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, და მე გავიმეორებ იმ ციფრს, რომელიც უკვე დასახელდა, რომ პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას პირდაპირ, რა ზემოქმედებაც იყო თვეში, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ციფრი და ვერ იქნება ზუსტი ციფრი, იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ ისევ და ისევ როგორ განვითარდება მოვლენები, რაზეც ვმსჯელობთ მაგალითად, რა დინამიკა უნდა ჰქონდეთ ფრენებს, რა დინამიკა უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან , ტურისტების შემოსვლას ან ჩვენი მოქალაქეების იქ გამგზავრებას და ამ საკითხების გადაწყვეტის კვალობაზე, რა თქმა უნდა, შეიცვლება და დაზუსტდება ზარალის ციფრებიც.

ცალსახაა, რომ გლობალური ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს კორონავირუსის გამო, გეცოდინებათ, აქაც არ არის ჯერ კიდევ საბოლოო გათვლები, საბოლოო პროგნოზი, სხვადასხვა ციფრები სახელდება, ისევ და ისევ, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...