იმნაძე: ძალიან გვეშინია,სიტუაცია,რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს

ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ,-ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„მესმის, რომ ძალიან შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა, გაუქმდა აკრძალვები, აღდგა ტრანსპორტი, დახურული და ღია რესტორნებიც გაიხსნა, ანუ ყველაფერი გაიხსნა. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ბოლო 3 დღეში იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილებაზე შეზღუდვა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოიხსნება.

„რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით“,-განაცხადა იმნაძემ.

Comments
Loading...