ინაშვილი: 2020 წელს რევოლუციას მიიღებთ და არ გვინდა ეს რევოლუცია

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” ლიდერი ირმა ინაშვილი მოუწოდებს პარლამენტს, შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. “უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება უნდა გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული, თორემ 2020 წელს რევოლუციას მიიღებთ და არ გვინდა ჩვენ ეს რევოლუცია. გვინდა რომ მშვიდობიანად შეგცვალოთ და მოგვეცით ამის საშუალება.”

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

“თამარ ჟვანია რა სტატისტიკითაც არ უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე, ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო.  საჩივარი გინდა დაწერე და გინდა, ნუ დაგიწერია. განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან დაწერილი საჩივრები ყოველთვის ხდება ისე, რომ არ კმაყოფილდება. ამიტომ ვაპროტესტებდით სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს და ამიტომ ვაპროტესტებთ. არცერთი საჩივარი, არ ჩვენი, არც სხვა ოპოზიციური პარტიების, არ დაკმაყოფილებულა სასამართლოში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ცესკო ნუ იფიქრებს, რომ არჩევნების საკითხი მხოლოდ ვიწრო კომპეტენციაში ეხება ცესკოს. ქვეყანაში რწმენა იკარგება არჩევნებისადმი. აღარც კანდიდატებს სჯერათ რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს და აღარც ხალხს სჯერა, რომ არჩევნებში ის შედეგი იდება, რაც უნდა დაიდოს” განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ცესკოში ყველაფერი დავარცხნილია  და თითქოს ვერავინ თითქოს ვერ შეედავება, მაგრამ ჩახვალ იორმუღალოში, რომელიც არის ხმების ბეღელი ხელისუფლებისთვის და სწორედ ამ უბნების ხარჯზე ხდება ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლების “ტრიუმფალური გამარჯვებები” იქ, სადაც წაგებული აქვთ რეალურად კანდიდატებს.

” მინდა პარლამენტს დღეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ოპოზიციას, ხელისუფლებას და უმრავლესობასაც, სადაც ალაგალაგ მოკავშირეები იმედია შემორჩენილი მყავს – საარჩევნო სისტემა უნდა შევცვალოთ. უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება უნდა გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული, თორემ 2020 წელს რევოლუციას მიიღებთ და არ გვინდა ჩვენ ეს რევოლუცია. გვინდა რომ მშვიდობიანად შეგცვალოთ და მოგვეცით ამის საშუალება”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Comments
Loading...