ირაკლი კობახიძე: “იქნება 10 სამინისტრო, ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი კონსულტაციების შედეგი”

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარია საქართველოს მთავრობაში 14 მინისტრის ნაცვლად, 11 მინისტრის არსებობაზე. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, ეს არის გამართული კონსულტაციების შედეგი.

მისი თქმით, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.

„საუბარია 14 მინისტრის მაგივრად 11 მინისტრის არსებობაზე მთავრობაში. შესაბამისად, 13 სამინისტროს მაგივრად იქნება 10 სამინისტრო. ეს არის ამ ეტაპზე შედეგი ჩვენი კონსულტაციების. ეს კონსულტაციები გრძელდება და საბოლოოდ, მე ვფიქრობ, ხვალ, ზეგ უკვე გამოიკვეთება გუნდში პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება ჩვენ კონსულტაციები უმრავლესობა-მთავრობის ფორმატში. პრემიერი შეხვდება უმრავლესობას გაფართოებულ ფორმატში და ვფიქრობთ, რომ დღეს, ხვალ უკვე საბოლოო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნება ჩამოყალიბებული უმრავლესობაში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამოსავალი წერტილი მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის სისტემაა.
„მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ეტაპზე არის ის, რომ მართვის სისტემა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი და ლოგიკას დაექვემდებაროს ის სტრუქტურა, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული მთავრობაში. ანუ, კონკრეტული ლოგიკის მიხედვით უნდა განისაზღვროს ის მიმართულებები და ამ მიმართულებებშიც შეიქმნება სამინისტროები. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება თვითონ ხარჯების ოპტიმიზაციას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანი, თუმცა პირდაპირ არ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სამინისტროების რაოდენობა ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, ბუნებრივია, კონსულტაციები გაგრძელდება და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

Comments
Loading...