ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანა, შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის საკითხზე მსჯელობაში ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის ეპისტოლეს გზავნილები ნარკოპოლიტიკაზე მუშაობისას მხედველობაში იქნება მიღებული.

„ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ნარკოპოლიტიკაზე. დარწმუნებული ვარ, ყველას საერთო ამოცანა გვაქვს –  შევამციროთ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ასევე უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები ნარკოპოლიტიკის ფარგლებში.  ეს არის ორი მთავარი მიზანი. მთავარია, ჩვენ  შევჯერდეთ, თუ რა გზებით მიიღწევა უკეთესად ეს ორი მიზანი.

ჩვენ გვექნება მსჯელობა საქართველოს პარლამენტში. მსჯელობაში იქნება ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანი. ჩვენთვის, რასაკვირველია, ყურადსაღებია ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლეში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხედველობაში მიღებული, როდესაც ჩვენ ვიმუშავებთ ნარკოპოლიტიკაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. – ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.

Comments
Loading...