ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციას: თუ მიზანი ოპოზიციაში ყოფნაა, მაშინ დაგემშვიდობებით და ეს უჩემოდ გააკეთეთ

“არცერთი ჩვენგანი არ გამოვიყურებით კარგად ამ საარჩევნო მათემატიკაზე საუბრისას”, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” ოპოზიციური პარტიების მისამართით თქვა.

მისი თქმით, თვალებში ნაცრის შეყრაა ის რიტორიკა, რომ მეორე ტურში მაინც დაუჭერენ ერთმანეთს მხარს.

“არცერთი ჩვენგანი არ გამოვიყურებით კარგად ამ საარჩევნო მათემატიკაზე საუბრისას. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი, იზრდება სიღარიბე და თბილისში კრიმინალი უკვე კატასტროფულ დონემდეა ასული. ჩვენ ამ დროს საარჩევნო მათემატიკაზე ვსაუბრობთ, არ არის ეს კარგი და სწორი, მაგრამ არც საგანგაშოდ არ არის. არც ისე არაა, რაც შეიძლება გარედან ჩანდეს. ბოლო სამ დღეში მინიმუმ 15 საათი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში გავატარე, არ არის საქმე ისე, რომ ჩაშლის პირას არის მისული საქმე.

მაგრამ მხარი უნდა გავუსვათ რამდენიმე რამეს: რიტორიკა, რომ მეორე ტურში მაინც დავუჭერთ ერთმანეთს მხარს, ეს ერთმანეთისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. მე ეს ვნახე 2016 წელს, როდესაც ირაკლი ალასანიამ კანდიდატურა დამიყენა, ოპოზიციური ხმების მესამედი აიღო, მესამედი ავიღე და მესამედი “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა, მაგრამ პარლამენტის წევრი გახდა მაკრახიძე, ზუსტად იგივე მოხდება ახლაც თუ არ შევთანხმდებით საერთო კანდიდატებზე. მთავარია გამოვკვეთოთ რა არის მიზანი – ხელისუფლების შეცვლა თუ ოპოზიციაში ყოფნა. თუ მიზანი ოპოზიციაში ყოფნაა, მე ამისთვის არ ვიბრძვი, ხელს არ შეგიშლით, დაგემშვიდობებით და შეგიძლიათ უჩემოდ გააკეთოთ ეს ყველაფერი.

Comments
Loading...