ირმა ინაშვილი – ქართული მიწის დაცვის თემა ეკუთვნის ყველას, ვისაც ქართული გული აქვს!

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

“ქართული მიწის დაცვის საკითხი აქტუალური დღეს არ გამხდარა. ეს თემა არ ეკუთვნის მხოლოდ რომელიმე ერთ პარტიას ან რომელიმე ერთ პოლიტიკოსს ან რომელიმე ერთ საზოგადო მოღვაწეს. ქართული მიწის დაცვის თემა ეკუთვნის ყველას, ვისაც ქართული გული აქვს!”

“ბოლო დღეების მანძილზე არა ერთი ჩემი მეგობარი, თუ ნაცნობ-უცნობი მადლობას მიხდის, რომ მხარი დავუჭირე ქართული მიწის დაცვის საკითხს. თავშივე ვიტყვი, რომ სამადლობელი არაფერია.

პირველი- მინდა აღვნიშნო, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის მიწების დაცვის თემაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ არა მარტო დღეს, არამედ ბოლო 10 წელია. ცნობილი მორატორიუმი სწორედ ჩვენი და სხვა ადამიანების აქტიური ქმედებების საფუძველზე გამოცხადდა. მაშინ ჩვენი გუნდიდან ამ თემაში აქტიურად იყო ჩართული სოსო მანჯავიძე. სამი წლის წინ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც შევიტანეთ სარჩელი, ქვეყნის მიწების გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით. ყველა საპროტესტო აქციაზე, (რომელიც ბოლო წლებში თბილისსა და ბათუმში გავმართეთ) ქართული მიწის დაცვის თემა პრიორიტეტული იყო! 2013-2016 წლებში “ობიექტივის” ეთერში სპეციალური ვიდეორგოლი იყო განთავსებული, სადაც დავით თარხან-მოურავი კონკრეტული არგუმენტებით სწორედ იმაზე საუბრობდა, თუ რატომ არ უნდა გაიყიდოს მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

მეორე- ქართული მიწის დაცვის საკითხი აქტუალური დღეს არ გამხდარა. ეს თემა არ ეკუთვნის მხოლოდ რომელიმე ერთ პარტიას ან რომელიმე ერთ პოლიტიკოსს ან რომელიმე ერთ საზოგადო მოღვაწეს. ქართული მიწის დაცვის თემა ეკუთვნის ყველას, ვისაც ქართული გული აქვს! ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის ლიდერები მკაფიოდ საუბრობდნენ ქვეყნის მიწების დაცვის აუცილებლობაზე. მაშინ მე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. ამდენად, ეს თემა არც ახალია, არც ვინმეს საკუთრებაა. კარგია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში მორიგჯერ დადგა დღის წერიგში ქვეყნის მიწების დაცვის საკითხი. ჩვენმა პარტიამ 2017 წლის იანვარში პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც ნიკოლოზ მჟავანაძემ მოამზადა. შემდეგ, იგივე ინიციატივით, საკონსტიტუციო კომისიასაც მივმართეთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული მიწის დაცვის სულისკვეთება კონსტიტუციაში აისახება და აისახება მკაფიოდ, ყოველგვარი მიხვეულ-მოხვეული აზრების გარეშე!

მესამე- კარგია ისიც, რომ ყველა რაიონსა და ქალქში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებისას ხალხი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს- ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე (და მოქალაქეობის არმქონე პირებზე) არ უნდა იყიდებოდეს!

მეოთხე- კარგია, რომ ხელისუფლებაც დაფიქრდა. დაფიქრდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ავტორები. არ მეპარება ეჭვი, რომ ისინიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები არიან და არ დაუშვებენ ქვეყნის მიწების დაუდევარ განიავებას… ძირითადად, აზიის სახელმწიფოების მოქალაქეებზე, რომელთა ქვეყნებში ძალზედ მაღალია ტერორიზმის საფრთხე და დღის წესრიგში უსაფრთხოების პრობლემატიკაც დგას.

მეხუთე- მივესალმები ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ქართული მიწის დაცვის საკითხი. მივესალმები ყოველგვარ აქტივობებსა და ინიციატივებს. არ ვაზვიადებ არც ჩემს როლს და არც ჩემს “დამსახურებას”, მაგრამ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვებისას, ყველა შეხვედრაზე მე ღიად ვსაუბრობ ამ თემაზე და ხელისუფლებაც ღიად გვპირდება, რომ მიწა არ გაიყიდება, ყოველი გოჯი იქნება დაცული. თუ ასეა, ველოდები კონსტიტუციაში ამ პოზიციის ასახვას. გმადლობთ.” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...