ირმა ნადირაშვილის ოჯახი მილიონის მესამედის ღირებულების ბიტკოინების მფლობელია

თანამდებობის პირის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა 2017 წლის 2 ოქტომბერს შეავსო, აღნიშნულია, რომ დეპუტატი და მისი ქმარი კაპიტალს ელექტრონულ ვალუტაში აბანდებენ. დეკლარაციის მიხედვით, ნადირაშვილის ქმარს, დავით დაღელაშვილს, 15 Bitcoin და 107 ათასი Onecoin აქვს, პირადად ოპოზიციონერ დეპუტატს კი – 100 ცალი Etherium.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნადირაშვილის ქმარს ბიტკოინი 2016 წელს, იმ დროს შეუძენია, როცა ერთი ცალის ღირებულება $700 იყო. 18 დეკემბრის მონაცემებით, ბიტკოინი მას შემდეგ, დაახლოებით, 27-ჯერ გაძვირდა და ერთი ცალის ღირებულება $19 ათასს აღწევს. შესაბამისად, 2016 წელს $10 500-ად ნაყიდი ბიტკოინის ჯამური ღირებულება ახლა $285 ათასს აღწევს.

რაც შეეხება ეთერიუმს, როცა ირმა ნადირაშვილმა ის იყიდა, ერთი ცალი ერთი დოლარი ღირდა, ამჟამად კი ერთეულის ფასი $720 აღწევს. შესაბამისად, იმ ეთერიუმის საერთო ღირებულება, რომელიც დეპუტატმა გასულ წელს $100-ად იყიდია, ახლა $72 ათასი ღირს.

იმ კრიპტოვალუტებს შორის, რომელსაც ნადირაშვილის ოჯახი ფლობს, უანქოინი ყველაზე იაფფასიანია – ერთი ერთეული $0.000866 ღირს.

ირმა ნადირაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ კანონი დეკლარაციაში კრიპტოვალუტის ჩაწერას არ მოითხოვს, თუმცა ეს მისი პირადი სურვილი იყო:

“პარტიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ვთხოვე, რომ დეკლარაციების ბიუროში გაევლო სპეციალურად დეკლარაცია და მათ მიეთითებინათ, სად შემეძლო, რომ ჩამეწერა იმ კრიპტოვალურის თაობაზე, რომელიც მე მქონდა. ამ კონსულტაციების შემდეგ მითხრეს, რომ შემიძლია ჩავწერო ფასიან ქაღალდებში”.

ნადირაშვილის განმარტებით, ის, რომ პირველი დეპუტატია, რომელმაც დეკლარაციაში კრიპტოვალუტის შესახებ მიუთითა, არ ნიშნავს, რომ ერთადერთია, რომელიც მას ფლობს.

“კარგად იცით კრიპტოვალუტის ბუნება, ძნელია მოიძიო, ვის აქვს და ვის – არა. მიმაჩნია, რომ თუ დეკლარაცია უნდა ასახავდეს საჯარო მოხელის ქონებას, მაშინ დეკლარაციების ფორმა არის შესაცველი”.

დეპუტატი ამბობს, რომ კრიპტოვალუტით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებს, მათ შორის, შვილის განათლების დასაფინანსებლად.

Comments
Loading...