კადრები, რის გამოც ზაზა ფაჩულიას და მის ოჯახს ემუქრებიან

“სან ანტონიოს” ლიდერთან, კავაი ლეონარდთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ “გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას ოჯახმა სოციალურ ქსელებში მუქარის წერილები მიიღო.

ფაჩულიას თქმით, ის ვერ შეეგუება იმას, რომ “სან ანტონიოს” მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ასეთ დაუფიქრებელ კომენტარებს აკეთებს.

68 წლის სპეციალისტმა ცეცხლს ნავთი დაასხა, როდესაც მატჩისშემდგომ კომენტარში ფაჩულიას ბინძური მოთამაშე და “მკვლელიც” კი უწოდა.

“ვის ანაღვლებს, ჰქონდა თუ არა მას განზრახვა”, – განაცხადა “სან ანტონიოს” მწვრთნელმა.

“მკვლელობა, იცით, რა არის? შეიძლება საჭესთან იჯდე, ტელეფონზე მესიჯს აგზავნიდე და ვინმე გაიტანო. ამ დროს შენ ადამიანის მოკვლის განზრახვა სულაც არ გქონია, მაგრამ მაინც ციხეში მიდიხარ. მე მხოლოდ ის მანაღვლებს, რაც საკუთარი თვალით დავინახე და რაც სინამდვილეში მოხდა”, – აღნიშნა პოპოვიჩმა.

ამ სიტყვებს სოციალურ მედიაში რეაქციები მოჰყვა და საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სკოლაში, სადაც ფაჩულიას შვილები დადიან, დაცვა გააძლიერეს.

“პოპოვიჩს ყველაფერს არ ვაბრალებ, თუმცა მისმა სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ბევრ ადამიანზე და სამწუხაროდ, ყველას ინტელექტს ვერ გააკონტროლებ, – განაცხადა ფაჩულიამ, რომელსაც 8, 7 და 4 წლის შვილები ჰყავს. – გულშემატკივარმა მოისმინა მესიჯი და თქვა, “ოქეი, რადგან პოპოვიჩმა თქვა, ესე იგი, ახლა ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ”. ეს არ არის სწორი. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე. დამემუქრონ მე, მაგრამ ჩემს ოჯახს ნუ შეეხებიან.

როგორც ადამიანი, როგორც კაცი, მე არ ვარ წინააღმდეგი, მასთან საქმე დავიჭირო, მაგრამ ძალიან არ მინდა, ამაში ჩემი ოჯახი იყოს გარეული. ჩემს ცოლსა და ჩემს შვილებს ამასთან საერთო არაფერი აქვთ და ისინი უდანაშაულონი არიან ამ სიტუაციაში. ვერ ვიტან, რომ ჩემი ოჯახი ამის გამო ნერვიულობს. ისინი ამას არ იმსახურებენ. ყველაფერი პოპოვიჩის ბრალი არ არის, მაგრამ მას ამაში დიდი წვლილი მიუძღვის”, – აღნიშნა ფაჩულიამ USA Today-სთან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ თავად კავაი ლეონარდმა აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ ფაჩულიამ განგებ დაუდო ფეხი.

– კავაი ლეონარდი: “არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა”.

www.sportall.ge

 

წყარო: palitravideo.ge

Comments
Loading...