კალაძე: “ძალიან მალე ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მწვანე, ლამაზი, მოწესირგებული”

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი ძალიან მალე იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული და ეკოლოგიურად მდგომარეობა გამოსწორებული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სააკაძის მოედანზე „ფეისბუქით“ პირდაპირ ჩართვისას განაცხადა.

სააკაძის მოედანზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში დედაქალაქის მოსახლეობაც ჩაერთო.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მოსახლეობას, ვისაც სურვილი ექნებოდა, მოვუხმეთ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი შეიკრიბა და დავრგეთ მწვანე ნარგავები“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის ინფორმაციით, საშემოდგომოდ, დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

„თუმცა რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ და გამოვასწოროთ ის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენთაგანს. გარდა გამწვანებისა, სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს სამუშაოები, სამშენებლო მიმართულებით მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეკოლოგიური მიმართულებით მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, – აცხადებს თბილისის მერი.

მისი თქმით, თბილისში, გზაგამყოფებზე ბეტონი მწვანე სივრცით შეიცვლება.

„ამას გავაკეთებთ, სადაც კი შესაძლებელი იქნება. საუკეთესო მაგალითია კოსტავა, შარტავას რეაბილიტირებული გზა, რომელიც რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება, ბოლო შტრიხებზე მიდის მუშაობა, ეს კონკრეტული მონაკვეთი მთლიანად იქნება დასრულებული თავისი გამწვანებით, კეთილმოწყობით. ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში, უბანში სკვერების მოწყობა, არსებულების რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა“ – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი ამბობს, მნიშვნელოვანია მწვანე ნარგავების დარგვა, ამავდროულად მათი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, კალაძის თქმით, ყველა კონკრეტულ ადგილას, დასაც ხე-მცენარეები ირგვება, მოწყობილია საწრყავი სისტემა.

Comments
Loading...