კალაძის განცხადებით, მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

“თბილისობის” გალა კონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

„გულწრფელად ვამბობ, ამ ქალაქის მსახურებით არ დავიღლები. ჩვენი გუნდი სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩართულობითა და გვერდში დგომით აკეთებს ქალაქისთვის საჭირო და სასიკეთო საქმეებს. სწორედ თქვენ გვეხმარებით, რომ თბილისისა და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები ღირსეულად გადავჭრათ. თბილისი არის ყველა ადამიანი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მასზე ზრუნავს და არასდროს ავიწყდება. ეს ქალაქი არის პედაგოგი, ექიმი, მემანქანე, ბაღის პედაგოგი და ა.შ. სწორედ ამიტომ, წელს იმ ადამიანებს დავაჯილდოვებთ, ვინც ჩვენს ქალაქზე ყოველდღიურად, დღე და ღამე ზრუნავს. ეს ადამიანები თბილისისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და საპატიო თბილისელის წოდება მივანიჭო მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის ჩვენს ქალაქზე ზრუნვის საქმეში“, – განაცხადა დედაქალაქის თბილისის მერმა.

„თბილისობის“ გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდია შესრულდა. დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები მთლიანად კომპოზიტორის ხსოვნას მიეძღვნება.

„ემოციურად რთულია, რადგან ჩვენ დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ადამიანი, შემოქმედი, ჩვენი გია ყანჩელი. ძალიან მძიმეა, როცა ისმენ მის შემოქმედებას დღეს აქ და ის სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არის. მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები, აუცილებლად გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი უნიკალური ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით და რაც მთავარია, სტუმართმოყვარე, თბილი ადამიანებით. ეს ქალაქი ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლის და სიცოცხლის ფასად, შრომითა და განათლებით, უკეთესი მომავლის იმედით, თავისუფლებისკენ სწრაფვის შეუჩერებელი სურვილით შემოგვინახეს. თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი ვალია, შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობებს უნიკალური ისტორიის მქონე, განვითარებული ქალაქი გადავცეთ, რითიც აუცილებლად იამაყებენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, თბილისი კიდევ უფრო მოწესრიგებული, გალამაზებული, განვითარებული, სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...