კალიფორნიაში, ხანძარმა შესაძლოა, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას საფრთხე შეუქმნას

კალიფორნიაში, ტყის ხანძარმა შესაძლოა, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას საფრთხე შეუქმნას, რომელიც ყველაზე დიდია შეერთებული შტატების ფედერალურ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებს შორის,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press–ი ავრცელებს.

მეხანძრეები ცდილობენ, ხანძრის შემდგომი გავრცელება თავიდან აიცილონ. ხანძრის კერა შენობიდან მხოლოდ 30 მეტრში მდებარეობს.

ბიბლიოთეკის კოლექცია 60 მილიონ გვერდ დოკუმენტს, 1,6 მილიონზე მეტ ფოტოსურათს, 150 კინოფირს, ათეულობით აუდიო- ვიდეო ფირს მოიცავს, მათ შორის, მუზეუმის არქივში, რონალდ რეიგანის პირადი დოკუმენტები ინახება.

გარდა ამისა, ამერიკის 40-ე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ბიბლიოთეკის შენობის კომპლექსთან არსებულ ტერიტორიაზეა დაკრძალული.

ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ხანძრის შედეგად ობიექტი არ დაზიანებულა.

კალიფორნიის, ლოს ანჯელესისა და ვენტურას მხარის უმეტეს ნაწილში ხანძრის გამო, საფრთხის დონე გაიზარდა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხანძრის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, რადგან მშრალი ამინდია და ქარის სიჩქარე 112 კმ / სთ აღწევს.

Comments
Loading...