კახა კალაძე”იბერიაზე”: მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის

“მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის. ტელეკომპანია „იბერიას“  ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ აქვს”,– ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე  ტელეკომპანია “იბერიის” გარშეწმო განვითარებულ მოვლენებს.

“მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის. ეს კი თითოეული ჩვენგანის, მთავრობის და საზოგადოების, მიღწევაა, რაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და ერთიანი ძალისხმევით შევძელით. ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ ის პერიოდი, როდესაც ერთ ადამიანს ედო ყველა მედიასაშუალება ჯიბეში. „იბერიას“ არანაირი პრობლემები არ აქვს. როგორც მე ვიცი, მის მფლობელს კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებით აქვს პრობლემა და აქვს საკმაოდ დიდი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, რასაც კანონი ავალდებულებს, ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ყველა თანასწორები უნდა ვიყოთ კანონის წინაშე. ბიზნესი და მისი ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესი არის ის მიმართულება, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამიტომ ჩვენგან ყოველთვის არის ბიზნესის მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...