კახა კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას

“ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟრიტარი დეპუტატების წარდგენისას განაცხადა.

“წარმატებული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ასაშენებლად, ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შენების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ!

ამის მიღწევა კი ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთიანობის გატანის გარეშე რთული იქნება, ეს საქართველოს წარმატების გასაღებია.

გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობას, სწორ მენეჯმენტსა და საქმეზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს. ამ საშინელმა პანდემიამ, ნათლად დაგვანახა, სად არის შავი და სად თეთრი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ბრძენია და ზუსტად არჩევს მტერსა და მოყვარეს. რაც მთავარია, ამ პანდემიამ ყველას გვაჩვენა, რამხელა შესაძლებლობებს გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად დგომა.

ჩვენი ერთიანობა, არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. მე მჯერა, ჩვენ, ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ ყველა გამოწვევაზე, გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემაზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ!

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...