კახიანი: იურიდიულ კომიტეტზე, სადაც თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს, პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის შეფასებით, იურუდიულ საკითხთა კომიტეტზე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.

“მე სხდომას არ ვესწრებოდი, თუმცა მაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგო წარიმართა კომიტეტი.

გარკვეულ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ჩემი კომენტარი სამართლებრივი შედეგის მატარებელი ვერ იქნება კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ.

როდესაც პირველი მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატურის დასახელება მოხდა, ვფიქრობ, ეს არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს. რეგლამენტის მიხედვით ერთი კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა არსებობს, უფრო მეტიც, არა მხოლოდ პირველი მოადგილის, არამედ მოადგილის. მოგეხსენებათ, პირველი მოადიგლის გარდა ორ მოადგილეს ირჩევს კომიტეტი, ერთ-ერთი მოადგილე არის უმრავლესობის კვოტით და მეორე მოადგილე ოპოზიცის კვოტით, ის მოადგილეც, რომელსაც უმრავლესობა ასახელებს ისიც კი მხოლოდ ერთი კანდიდატი შეიძლება დასახელდეს რეგლამენტის მიხედვით. თეორიულად, ის ვერია, რა ვერსიითაც დღეს კომიტეტმა აირჩია პირველი მოადგილე, ეს განვითარება შეიძლება შეეხოს იმ მოადგილეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით სახელდება. ოპოზიციის შემთხვევაში სუბიექტები არიან უმცირესობა და ის ფრაქციები, რომლებიც არ არიან არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში, თეორიულად ასეთ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე კანდიდატი დასახელდეს, მეორე ტურის მოეწყოს და ა.შ.

როდესაც თავმჯდომარის პირველ მოადგილეზეა საუბარი, ასეთ შემთხვევაში ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება. თავმჯდომარის პრეროგატივაა, პირველი მოადიგლის კანდიდატურის შეთავაზება კომიტეტისთვის, ლოგიკაც იმაში მდგომარეობს, რომ თავმჯდომარე ჩამოყალიბებულია კანდიდატზე, რომლის მიმართაც მას აქვს ძალიან დიდი ნდობა, და შემდგომ უკვე კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს თუ არა.

თუ თეორიულად ხდება ისე, რომ თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ კანდიდატს კომიტეტი მხარს არ უჭერს, ასეთ შემთხვევაში თავმჯდომარეს უკვე შეუძლია ახალი კანდიდატურა დაასახელოს და ეს პროცედურა მანამ გაგრძელდეს, სანამ არ იქნება არჩეული პირველი მოადგილე. ასეთია ჩემი მოსაზრება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა და მან აქვე აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა მიულოცა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ის გიორგი კახიანის შეფასებას იზიარებს.

ირაკლი კობახიძე აქვე დასძენს, რომ პირველ რიგში იურიდიული კომიტეტია პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე.

“მე მგონი ჯობია ამასთან დაკავშირებით პოლემიკა არ წარვმართოთ, ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინეთ და მე პირადად ვიზიარებ. არის სამწუხარო ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული პირველი მოადგილე, რა თქმა უნდა იურიდიული კომიტეტი უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებელია რეგლამენტის დაცვაზე, ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო უფლებამოსილი არ არის შეფასოს სამართლებრვიად ეს საკითხი”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს.

Comments
Loading...