კვირიკაშვილი საკუთარი გუნდის წევრებს სითამამისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციის მიერ “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებებს აფასებს.

აქვე, პრემიერი თანაგუნდელებს მოუწოდებს, როდესაც ისინი საკითხთან მიმართებაში მართლები არიან, ეს თამამად თქვან.

“დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ. რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო – როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, ვფიქრობ, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე – თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიებისთვის ზონის სტატუსის შეცვლის სტატუსს განიხილავდნენ, რაც გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თბილისის მერიასთან გააპროტესტეს.

Comments
Loading...