კიევში, ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ

უკრაინაში,  ბუბა კიკაბიძის პატივსაცემად, ერთ-ერთი ქუჩისთვის, მისი სახელის დარქმევას ითხოვენ.

მედიის ცნობით,  საუბარია კიევის პეჩერსკის რაიონზე.

არსებული ინფორმაციით,  კიევის საკრებულოს ვებგვერდზე უკვე  დარეგისტრირდა პეტიცია, სადაც ითხოვენ რუსი მწერლის, მიკოლა ლესკოვის სახელობის ქუჩას სახელი გადაერქვას და მას ქართველი მსახიობის, მომღერლისა და უკრაინის დიდი მეგობრის, ბუბა კიკაბიძის სახელი ეწოდოს.

„ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ომში. მსახიობმა უარი თქვა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის გამო. მას შემდეგ ის რუსეთში არ ყოფილა. მან მხარი დაუჭირა უკრაინას 2014 წლის შემდეგ რუსეთთან დაპირისპირებაში. 2019 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) გამოვიდა რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის პატივსაცემად. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ“, – აღნიშნავს პეტიციის ავტორი.

შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე გუშინ, 19 იანვარს დაკრძალეს.

Comments
Loading...