კობა გვენეტაძე: IMF მიესალმება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გაფართოებას არასაბანკო სექტორზე

ამის შესახებ კობა გვენეტაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებასა და სსფ-ის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებას.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებს. გაუმჯობესდა საზედამხედველო ჩარჩო. მოწონებულია ის ნაბიჯები, რომელიც გადავდგით გამჭირვალობისა და ფინანსურ კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე მიესალმება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გაფართოებას არასაბანკო სექტორზე. ყოველივე საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციები და საზედამხედველო მოთხოვნები გავრცელდეს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფრო ფართო არეალზე.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებას. ფონდი სრულად იზიარებს ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ ამ ჩარჩოს ფარგლებში შემოღებული პრუდენციული ღონისძიებები შეამცირებს შინამეურნეობების მზარდ საკრედიტო დავალიანებასთან დაკავშირებულ რეალურ რისკებს.

 

კერძოდ, უკვე ძალაშია სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები, დამატებითი კაპიტალის მოთხოვნის კონტექსტში, ხოლო 2019 წლიდან განისაზღვრება სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტების ეფექტურად გავრცელება არასაბანკო სექტორზეც”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ, და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშომ გამართეს ერთობლივ ბრიფინგი, რომელიც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებასა და სსფ-ის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებას.

 

Comments
Loading...