“კოცნა“ სტამბულში მიემგზავრება

გურიის მხარის ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული თეატრი არსებობის 150 წელზე მეტს ითვლის. ამჟამად, მიმდინარეობს შენობის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია „ქართუ“ ჯგუფის მიერ, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
სარემონტო სამუშაოების გამო ოზურგეთის თეატრი უკვე წლებია ხშირად არის ალტერნატიული სცენის ძიებაში. ამიტომაც თეატრი კონცენტრირებულია გასვლითი სპექტაკლების გამართვაზე, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში , ასევე უცხოეთში. წელს ოზურგეთის თეატრმა არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ოზურგეთის თეატრი ახალ, 152-ე სეზონს თურქეთში, სტამბულში, მალთეპეს პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე გახსნის ანა პეტროვასა და ნევენა მიტევას სპექტაკლით „კოცნა“.
ოზურგეთის თეატრი მეორედ მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში, ამ ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს, როცა ფესტივალზე ოზურგეთის თეატრმა თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტი“ წარმოადგინა (რეჟისორები: ვასილ ჩიგოგიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი). სტამბულის ფესტივალზე ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელობა გეგმავს შეხვედრებს ქართული დიასპორასთან, სტამბულის თეატრალურ საზოგადოებასთან, ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის თეატრის წარმომადგენლებთან, ასევე მასმედიასთან.
აღშანიშნავია რომ, სპექტაკლი „კოცნა“ გასულ გაზაფხულზე წარმატებით იქნა ნაჩვენები საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე ბულგარეთსა და უკრაინაში, სადაც დიდი აღიარება ხვდა წილად მსახიობ თამარ მდინარაძეს ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის და სპექტაკლს თანამედროვე ბულგარული დრამის საუკეთესო გადაწყვეტისათვის.
სპექტაკლი გახლავთ თანამდეროვე ბულგარელი დრამატურგის ანა პეტროვას პიესა, რჟისორია ბულგარელი ნევენა მიტევა. სპექტაკლში როლებს ასრულებენ: ბანკის მოხელე, შეყვარებული მამაკაცი – ლევან საღინაძე, ქალი ინფორმატორი, მეძავი – ანი გოდერძიშვილი, ცონკა, შეყვარებული ქალი – შორენა გვეტაძე, პატიმარი, მძღოლი – ვახტანგ ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი, ბაბუა – ზაზა ჯინჭარაძე, გერმანელი ქალი, ბებია – თამარ მდინარაძე, ოფიციანტი, მებაღე – კობა ახალაძე.
ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასო ჩიგოგიძის ინფორმაციით სპექტაკლი ოზურგეთის თეატრისათვის უჩვეულოა:
ვასო ჩიგოგიძე: „ – ეს სპექტაკლი სპეციალურად შეიქმნა ბულგარეთის ქალაქ შუმენის ბულგარული დრამატურგიის ფესტივალისათვის. სპექტაკლი ჩვენი თეატრისათვის არის უჩვეულო, თამამი ფორმა. გახლავთ დრამატული კომედია მარტოობის, თაობების გაუცხოვების თემაზე. ნაჩვენებია დღვანდელი, თანამედროვე ცხოვრება.“
სპექტაკლზე იმუშავეს: მხატვარმა გია გვიჩიამ, ქორეოგრაფმა მარიკა ქვეითაიამ, მუსიკალურმა გამფორმებელმა მერაბ ჭანიშვილმა, რეჟისორის ასისტენტმა – თამარ მდინარაძემ, ტექნიკურმა რეჟისორმა – ვახტანგ ჩხარტიშვილმა.

Comments
Loading...