ლაშა თორდიას ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები დაიცავენ

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები დაიცავენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის თამარ ავალიანის თქმით, ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორდიას დაპირისპირების საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება ეჭვს იწვევს და ამასთან, ამ საქმის გამოძიებაში ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზი იკვეთება.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს ჩაერთო ამ საქმეში და სამართლებრივ ინტერსებს იცავს ლაშა თორდიასი. გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმის გამო, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს თავს ესხმიან. ეს თავდასხმა უკავშირდება მის სამსახურეობრივ საქმიანობას. ლაშა თორდიას თავს დაესხნენ ოთარ ფარცხალაძე და თანხლები პირები. სამწუხაროა, რომ ამ საქმით არ დაინტერესებულა პარლამენტი. გარდა ამისა, ბევრი ხარვეზია ამ საქმეში. გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც არარელევანტურია. საქმე უნდა დაწყებულიყო 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს უმაღლესი თანამდებობის პირზე თავდასხმას მისი სამსახურეობრივი საქმიანობის გამო. ასევე არ არის დაზარალებულად ცნობილი ლაშა თორდია. ის ცემეს დაცვის თანამშრომლებმა და არავითარი პროპორციული ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ამ ყველაფერში ფიგურირებდა ფარცხალაძე და ჩოხელი, რომლითაც გამოძიება საერთოდ არ ინტერესდება. ადგილი აქვს ადამიანის ცემას რამდენიმე ადამიანის მხრიდან ერთი ადამიანის მიმართ და არავითარი პროპორციული ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანია დაზარალებულად ლაშა თორდიას ცნობა, რათა გვქონდეს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. ასევე კითხვის ნიშნებს ბადებს გუშინ ვიდეოს გავრცელება, თუ რატომ არ მოხდა ეს 6 თვით ადრე. ეს ემსახურება ოთარ ფარცხალაძის დანაშაულის გადაფარვას. სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის, როგორ მოიპოვა მოქალაქემ ეს ვიდეო, დაცული იყო თუ არა პერსონალური მონაცემები და ამ ვიდეოს გავრცელება დროში ემთხვევა განვითარებულ მოვლენებს. გვიჩნდება განცდა, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა, არა მარტო ლაშა თირდიას საქმეში, არამედ სხვა საქმეებში, ფარცხალაძის არაფორმალური გავლენის ქვეშ არის”,- განაცხადა ავალიანმა.

Comments
Loading...