ლენი კრავიცმა მსოფლიო ტურნე გააუქმა, მათ შორის — საქართველოში დაგეგმილი კონცერტი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს სოციალური ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი.

მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.

“მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ, მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა”, — წერს მომღერალი.

წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

მათ, ვისაც 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი ამ კონცერტის ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) ბარათზე ავტომატურად დაუბრუნდებათ.

თანხის დაბრუნების პროცესი 15 ივლისიდან დაიწყება და 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მიწერეთ კითხვა მისამართზე lenny@solo.ge

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...