ლისის ტბის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი, მათ შორის სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა, ხოლო ერთი პირი ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებით, კერძოდ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. (1,5 ჰა) მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციის შედეგად, ბრალდებულები კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1 000 000 ლარზე მეტს.
”დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულა ძველი მიღება-ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები.

გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

Comments
Loading...