ლუკაშენკო სხვა ქვეყნების ლიდერებს მინსკში, 9 მაისის აღლუმზე ეპატიჟება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სხვა ქვეყნების ლიდერებს მინსკში, 9 მაისის გამარჯვების აღლუმში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება.

“საჯაროდ ვეპატიჟები სახელმწიფოების ლიდერებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მაინც, ჩამოვიდნენ მინსკში”, – აცხადებს იგი.

ლუკაშენკოს მოსაზრებით, სწორი იქნებოდა ზუსტად მინსკში შეხვედრა, ვინაიდან ეს ქალაქი არის იმ რესპუბლიკის დედაქალაქი, რომელიც აღიგავა პირისაგან მიწისა და,რომელმაც თავის თავზე მიიღო პირველი დარტყმა.

“ეს ყველაზე დაზარალებული რესპუბლიკაა, ომის დროინდელი ცოცხალი ძეგლია”, – აცხადებს ლუკაშენკო.

გაეგზავნათ თუ არა სხვა ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური მოსაწვევები, ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია.

ორი დღის წინ ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ არ გააუქმებს სამხედრო აღლუმს მინსკში, დიდი სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის პატივსაცემად, რადგან ათასობით ადამიანს სურს, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს.

“უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია აღლუმის გაუქმება. უბრალოდ არ შემიძლია. ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, ეს არის ემოციური, ღრმად იდეოლოგიური საკითხი,” – თქვა მან.

Comments
Loading...