“მამა გიორგი მამალაძის უკან შესაძლო კრიმინალური დაჯგუფება იდგეს…” – საპატრიარქოს იურისტის სკანდალური განცხადება

“მამა გიორგი მამალაძეს ესპანეთში კომპანია ჰქონდა დაფუძნებული და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო” – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზი მღვდელმსახურების გარდა აღმოჩნდა, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, რისი მტკიცებულებებიც არსებობს.

“შემთხვევით აღმოჩნდა, რომ რაღაც კომპანია აქვს დარეგისტრირებული ესპანეთში, რომლის თავმჯდომარეც თვითონ მამაოა. არის ხელშეკრულება 50 მილიონი ევროს დაფინანსებას თუ გადმოგზავნასთან დაკავშირებით. ეს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო და ამას ხელს აწერს თვითონ მამაო. ამ იურიდიულ დკომენტებში და ხელშეკრულებებში ჩართულები არიან უკრაინის მოქალაქეები, რაც იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ მამაოს უკან შესაძლო კრიმინალური დაჯგუფება იდგეს, რომელიც შესაძლოა, ფულის გათეთრებასთანაც იყოს დაკავშირებული. ფული ეკუთვნდათ ამ უკრაინელებს”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ და დასძინა, რომ აღნიშნული 50 მილიონი ევროს დანიშნულების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

“ამის კანონიკური უფლებაც არ ჰქონდა მღვდელს, რომ რაღაც საშუამავლო, კომერციული ფირმის დირექტორი ყოფილიყო, მითუმეტეს ესპანეთში და ვიღაც გაურკვეველი, გაუგებარი წარმომავლობის პირებისგან რატომ უნდა მიეღო 50 მილიონი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს ერთ-ერთ პირთან. ფაქტია, რომ ამ უკანონო ქმედებას არც პატრიარქი დაუშვებდა, არც ქორეპისკოპოსები, არც მეუფე იაკობი, არც მეუფე თეოდორე და არც ის პირები, ვინც ამ უკანონო ქმედებების განხორციელებაში ხელის შემშლელი ფაქტორები იქნებოდნენ”, – განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.

 

წყარო: ambebi.ge

Comments
Loading...