მამრი დელფინები ერთმანეთს მდედრების გულის მოგებაში ეხმარებიან

მამრი აფალინა დელფინები მომწიფებულობის მიღწევისას მდედრების შერჩევასა და მათთან შეჯვარებაში ბავშვობის მეგობრების დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი.

ახალი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდობაში ნაპოვნი სანდო მეგობრის მსგავსი მნიშვნელოვანი როლი მამრ დელფინებს სოციალიზაციისთვის მეტი დროის დათმობისკენ უბიძგებს. სწორედ ამ გზით ქმნიან ისინი ერთმანეთთან ისეთ მჭიდრო კავშირებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

კვლევა აქამდე განხორციელებულ დაკვირვებებზეა დაფუძნებული, რომელმაც აჩვენა, რომ ზრდასრული მამრები ორ ან სამ ინდივიდთან ახლო ურთიერთობისკენ მიილტვიან, ისინი კი მას შემდგომში მდედრების მოხიბლვასა და მათთან შეჯვარებაში ეხმარებიან. კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს გაერთიანებები წარმატებული შეჯვარების 80%-ზე არის პასუხისმგებელი, რაც მამრებს შორის მეგობრობის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ამ სოციალური ბმების ინიცირება, ახალი კვლევის ავტორებმა შარკის ყურეში აფალინა დელფინების ბოლო 30-წლიანი აქტივობა გააანალიზეს. მათ დაადგინეს, რომ 10 წლამდე მამრები მდედრებზე გაცილებით დიდ დროს უთმობენ სოციალიზაციას. ამასთან, ამ ასაკის მამრები და მდედრები, ძირითადად, მხოლოდ საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან მეგობრობენ.

ახალგაზრდა მდედრები კი ერთმანეთთან დამეგობრებაში საკუთარი დროის მხოლოდ 9%-ს ხარჯავენ. ისინი უმეტესწილად — დროის 54%-ის განმავლობაში — საკვების მოპოვებით არიან დაკავებულები. მკვლევრების აზრით, მსგავსი ქცევით მდედრები ზრდასრულობისთვის ემზადებიან — იმ პერიოდისთვის, როდესაც ორსულობისა და შემდგომი დროისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად საკვების დიდი მარაგი იქნება აუცილებელი.

ამის საპირისპიროდ, ახალგაზრდა მამრები საკვების მოპოვებაში დროის მხოლოდ 29%-ს ხარჯავენ, 16%-ს კი — მამრების სხვა ჯგუფებთან ურთიერთობაში. ისინი კავშირებს თამაშითა და მეგობრული ფიზიკური კონტაქტით აყალიბებენ. ეს ჯგუფები ძალიან დინამიკურია და მათი შემადგენლობა ყოველ ათ წუთში იცვლება — მათი წევრები გამუდმებით იყოფიან და ახალ ჯგუფებს ქმნიან.

მიუხედავად ამისა, თითოეული დელფინი, როგორც წესი, თავისი დროის უდიდეს ნაწილს მეგობრების ვიწრო წრეში ატარებს. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი ზრდასრულობას აღწევენ, მათ ორი ან სამი ახლო მეგობარი ჰყავთ.

მეგობრების რაოდენობის ნაცვლად ურთიერთობის ხარისხზე მსგავსი კონცეტრაცია განაპირობებს ზრდასრულობაში დელფინების რეპროდუქციულ წარმატებას. ეს კი იმაზე მიმანიშნებელია, რომ ბავშვობისდროინდელი სახალისო ინტერაქციებიც კი დელფინებში შეწყვილების ჩახლართული სტრატეგიის ნაწილია.

 

წყარო: On.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.