მარკ ცუკერბერგმა თავისი ცნობილი თეთრსახიანი ფოტოთი სერფინგის დაფა მოახატინა

თუ იმის ილუზია გქონდათ, რომ მზისგან დამცავი კრემით სახედამშვენებულ მარკ ცუკერბერგს ოდესმე დაივიწყებდით, შეცდით. ყველასათვის ცნობილი ფოტო, რომელშიც სერფინგის დაფაზე მდგომ ცუკერბერგს სახეზე მზისგან დამცავი კრემის საოცრად სქელი ფენა უსვია, 2020 წლის ივლისში გავრცელდა, როდესაც ცუკერბერგი პანდემიის ტალღების მაგივრად, ჰავაიში წყნარი ოკეანის ტალღებს მიაპობდა. რა თქმა უნდა, ინტერნეტმა ფოტო მალევე აიტაცა.

.

აღნიშნული ფოტოს ინსპირაციით სოციალურ ქსელში უამრავი მიმი შეიქმნა და ყველამ კარგად ვიცინეთ. როგორც ჩანს, ხუმრობით თავად მარკმაც ისიამოვნა, რასაც მისი ახალი სერფინგის დაფაც ადასტურებს, რომელიც ცნობილი ფოტოს ინსპირაციითაა მოხატული. “მზეს ჩემ წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდა”, — ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

აპრილში ინსტაგრამ ლაივის დროს ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მზისგან დამცავი კრემი პაპარაცებისგან თავის დასაღწევად წაისვა, თუმცა შედეგებზე არ უფიქრია.

“უფრო კარგად უნდა დავფიქრებულიყავი. მზისგან დამცავი კრემის წასმა ზედმეტი მომივიდა. მაგდენი კრემი არავის უნდა ესვას”, — განაცხადა ცუკერბერგმა.

როგორც ჩანს, ცუკერბერგის ფოტოზე და ფოტოს ინსპირაციით შექმნილ მიმებზე მანამ ვიცინებთ, სანამ მარკი რამე უფრო სახალისოს არ შემოგვთავაზებს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...