მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა დათო გუსეინოვმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

როგორც imedinews-ს პროკურატურაში განუმარტეს, თემურ აბაზოვი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარე აბაზოვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მანამდეც ითხოვდა. ბრალდების მხარე კი აცხადებდა, რომ მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე იქნებოდა. თუმცა როგორც პროკურატურაში imedinews-ს უთხრეს, ახლა მოწმეები დაკითხულები არიან უკვე და მათ ჩვენება მიცემული აქვთ, მტკიცებულებები კი გამოკვლეულია, შესაბამისად მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ამჯერად დააკმაყოფილა.

6 სექტემბერს თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეეფარდა.

imedinews.ge

Comments
Loading...