მასკის თქმით, ტესლა სადაზღვევო კომპანიის დაარსებას აპირებს

ივლისის ბოლოს ტესლას დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია სადაზღვევო სექტორში აპირებს ძალების მოსინჯვას.

ინვესტორებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ტესლა “დიდი სადაზღვევო კომპანიის აშენებას” აპირებს. მასკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე კომპანია აშშ-ის რამდენიმე შტატში უკვე დაიწყებს მუშაობას და მძღოლებს სადაზღვევო პრემიებსა და საფასურს თავიანთი ავტომობილების შიდა სენსორებით შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზებს.

ტესლას სადაზღვევო კომპანიის დაარსება ადრეც უცდია. 2019 წელს მან მძღოლებისთვის შიდაორგანიზაციული სადაზღვევო გეგმა წარადგინა, რომლის საფასურიც კონკურენტებთან შედარებით 20%-ით იაფი უნდა ყოფილიყო.

თუმცა, Business Insider-ის ცნობით, მომხმარებლებმა, რომლებმაც სადაზღვევოს ვებგვერდის გაუქმებამდე საათებით ადრე პირობების მიღება მოასწრეს, განაცხადეს, რომ მათი არსებული პოლისი ტესლას შეთავაზებაზე იაფი უჯდებოდათ. გასაკვირი არაა, რომ პროექტმა მალევე განიცადა მარცხი.

ამ ახალი ინიციატივის იდეის არსი ისაა, რომ რადგან მომხმარებელი მანქანისთვისაც და მისი დაზღვევისთვისაც ერთ კომპანიას მიაკითხავს, ტესლა შეძლებს, მათ ისეთი პერსონალიზებული პოლისი შესთავაზოს, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ ქცევას. მაგალითად, გათვალისწინებული იქნება ის, თუ რამდენად რისკიანად ატარებს მძღოლი ავტომობილს.

“ტესლას დაზღვევის საბოლოო მიზანია, გამოვიყენოთ ავტომობილების მიერ შეგროვებული ის მონაცემები, რომლებიც საჭესთან მჯდომი ადამიანის ტარების პროფილს შექმნის”, — აღნიშნა მასკმა, — “რათა შევაფასოთ კორელაციები და ავარიის პოტენციური რისკი და ამაზე დაყრდნობით დავუდგინოთ ცალკეულ მომხმარებელს თვიური სადაზღვევო პრემია”.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...