მაჭავარიანი: შეიძლება ვიფიქროთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, ასევე რაღაც ტიპის ფისკალურ სტიმულზე

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით, გვაქვს ე.წ. საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და ძირითადად კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ზომების მიღებაზე ვმუშაობთ.

ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაგვევალა და ამ დღეების განმავლობაში ვაანალიზებდით იმ შესაძლო ეკონომიკურ ეფექტს, რაც შეიძლება მოხდეს ამ ბოლო კვირების მოვლენების შედეგად და ასევე თუ ეს პრობლემა კიდევ გაგრძელდა. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ეკონომიკის თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს გუშინდელი განცხადება, სადაც მათ შეაფასეს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა.

მათი ერთი შედარებით უფრო ოპტიმისტური სცენარით 0,5%-ით იქნება შენელება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის, ხოლო თუ ამან პანდემიური ხასიათი შეიძინა და განვრცობა მოხდა, მაშინ ისინი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა 1,5% იქნება, რაც ნიშნავს, რომ ნავარაუდევი იყო 2.9% ზრდა და ის განახევრდება.

რასაკვირველია, ამ კონტექსტში ჩვენც ვფიქრობთ, რამდენად გადმოგვეცემა ეს შენელება. ჩვენ შემთხვევაში გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია. პირველი, რაც ნელდება ამ დროს არის ტურიზმი, მოგზაურობა, მათ შორის მივლინებები და ა.შ. გუშინ პრაქტიკულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სავალუტო ფონდში ჩვენი ყოველწლიური, საგაზაფხულო შეხვედრები ამ წელს გაუქმებულიყო და ვიდეო კონფერენციებით ჩავრთულიყავით.

პრაქტიკულად ვერავინ იხსენებს, რომ ოდესმე სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გააუქმა თავისი წლიური შეხვედრა. ასეთი შემთხვევა ალბათ, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩვენ რასაკვირველია, გვეზრდება რისკ-ფაქტორი. იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი ტურიზმია. ამ საკითხს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვაანალიზებთ სტრეს-ტესტებს და იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით.

ასევე, იცით, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დააანონსეს, რომ მზად არიან გამოყონ თანხები, 50 მილიარდი დოლარი იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამ კორონავირუსით.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით და უფრო მალე მოგვარდება ეს ყველაფერი. რასაკვირველია, გვაქვს კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ იმ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რომლითაც შევეცდებით შევარბილოთ ის დარტყმა, რაც შეიძლება კორონავირუსმა პოტენციურად შეიძლება მიაყენოს ქვეყანას.

თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს სრული მასშტაბით არ მოხდება და მოკლევადიანი შეფერხება გვექნება, რომელიც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოწესრიგდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა: „შეიძლება ვიფიქროთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, ასევე რაღაც ტიპის ფისკალურ სტიმულზე, თუმცა, ამ ეტაპზე მემგონი ეს არ დაგვჭირდება”. – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

Comments
Loading...