მდინარაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 11 თვეში, 2019 წელს იმაზე მეტი გზის რეაბილიტაცია განახორციელა, ვიდრე 2003-2012 წლებში

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსოების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო არის გმირებისა და ამავდროულად, პარადოქსების ქვეყანა. პარადოქსები შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან რამდენი ერთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო, როდესაც ჩვენი ოპონენტები, მათი დიდი ნაწილი, ბოიკოტს გვიცხადებენ, მახსენდება ხოლმე, რომ გაჩერებულ ქვეყანას უწოდებენ საქართველოს. არ არის არც ერთი მიმართულება, სადაც არ არის ხელშესახები პროგრესი. მაგალითად შემიძლია, გავიხსენო ინფასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მიერ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გამართული პრეზენტაცია. ხალხი, რომლებიც აქ არ არიან, წინა ადგილებზე სხედან ხოლმე და ტრაბახობდნენ გზების რეაბილიტაციითა და მშენებლობით. აღმოჩნდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 11 თვის განმავლობაში, 2019 წელს იმაზე მეტი გზის რეაბილიტაცია განახორციელა, ვიდრე იყო 2003-2012 წლებში. ასეა ყველა მიმართულებით, ჯანდაცვაში, უფლებებზე, საგარეო ურთიერთობებში, რომელ ერთ სფეროზე ვისაუბროთ. ვერ დაასახელებენ ვერც ერთ სფეროს, სადაც არ არის ხელშესახები და ციფრებში ასახული, ფაქტებით დადასტურებული პროგრესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრესი კიდევ უფრო დინამიური გახდება, თუ ყველა იფიქრებს ქვეყნის მომავალზე.

„შეიძლება, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროგრესი კიდევ უფრო დინამიურ სახეს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ, როგორც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოგვიწოდებენ ხოლმე, შეთანხმების მაგიდასთან დასხდომას და ობიექტურად ქვეყნის მომავალზე ფიქრს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Comments
Loading...