მდინარაძე: სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია სადღაც ნიუსრუმშია მოგონილი და არ შეეფერება სიმართლეს

“ეს ინფორმაცია არის მოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მე, უმრავლესობის ლიდერი არც ერთ მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ახლო მომავალში მსგავსი არაფერი იგეგმება და ამაზე საუბარი არ მიდის.

„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს არის მოგონილი სადღაც ნიუსრუმში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მე, უმრავლესობის ლიდერი არც ერთ მსგავს სიტყვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. რამდენად შეიძლება იყოს ეს ახლო პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ზოგადად, ყველაფერი მოსალოდნელია, არც ერთი თანამდებობა არ არის მუდმივი, მაგრამ დღეს ამის შესახებ საუბრები არ მიდის. არათუ ინფორმაცია არ არის მართალი, არამედ მოგონილია, მთელი პასუხიგებლობით გეუბნებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გავრცელდა, რაც კატეგორიულად უარყო მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პრემიერმა გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვოს. მის შემცვლელად “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს განიხილავს.

აღნიშნული ინფორმაცია არაოფიციალურია, რომელსაც სახელისუფლებლო გუნდში არ ადასტურებენ.

Comments
Loading...