ევაკუირებული ათეულობით მოსახლე – მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია

ჭუბერში, მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია. ევაკუირებულია ათეულობით მოსახლე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, წაღებულია სავალი გზის ნაწილი. აქ გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებით, შემივლითი გზითაა შესაძლებელი.

ადიდებულმა მდინარემ გუშინ 6 ხიდი წაიღო, რის გამოც გარესამყაროსაა მოწყვეტილი მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები კი სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებს სწავლობენ.

სოფელ ჭუბერში 150 მაშველი მუშაობს სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. გიორგი მღებრიშვილის განმარტებით სიტუაცია ამ დროსთვის სტაბილურია.

“რა რაოდენობის ნალექიც არ უნდა მოვიდეს, მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ველოდებით წყლის დონის დაკლებას. როგორც ვიცით ინფრასტრუქტურა არის მოშლილი და ველოდებით მდინარის დასტაბილურებას, რომ განახლდეს სამუშაოები ყველა მიმართულებით, თუმცა მძიმე ტექნიკა გარკვეულ მონაკვეთებზე ამ დრომდე მუშაობს.” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესაც ელოდებიან, თუმცა მისი ვერტმფრენი უამინდობის გამო ხეობაში ჯერჯერობით ვერ დაეშვა.

 

 

 

Comments
Loading...