მედია: საბერძნეთში ქართველი დააკავეს, რომელსაც არალეგალურად 41 მიგრანტი გადაჰყავდა

საბერძნეთის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაგისტრალზე მაცივრიან სატვირთო ავტომობილში 41 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Kathimerini ავრცელებს.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი ქალაქ სალონიკთან პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე გააჩერეს. ავტომობილის დათვალიერების შემდეგ, არალეგალი მიგრანტები აღმოაჩინეს.

წინასწარი მონაცემებით, ისინი ავღანელები იყვნენ, მაგრამ მათი იდენტიფიკაციის პროცესი გრძელდება.

მაცივარი ჩართული არ იყო, ამიტომ არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.

ადამიანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ქართველი მძღოლი დააკავეს, იგი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მიგრანტების ვინაობა დგინდება.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სატვირთო ავტომობილებით არალეგალი მიგრანტების გადაყვანის შესახებ მედიაში უფრო აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში სატვირთო ავტომობილში 39 მიგრანტის ცხედარი იპოვეს.

Comments
Loading...