მესიმ, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

ლიონელ მესი, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე საფეხბურთო სამყაროს უნახავს. გარდა თამაშის ფენომენალური მანერისა, ამაზე მისი ინდივიდუალური თუ გუნდური ჯილდოებიც მეტყველებს: არაერთ პირად რეკორდს და ესპანურ ტურნირებში ”ბარსელონასთან” ერთად მრავალჯერ გამარჯვებას თავი რომ დავანებოთ, ის 5 ოქროს ბურთის და 4 ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია. თუმცა, არგენტინელი ფეხბურთელი ვერა და ვერ ახერხებს ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევას.

30 წლის ლიონელ მესის ჯერაც არ მოუგია არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ტიტული. არადა, ბოლო წლებში ამასთან ძალიან ახლოს იყო.

2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინა გერმანიასთან დამარცხდა 1-0 დამატებით ტაიმებში.

2015-ში, კოპა ამერიკის ფინალში, ამჯერად მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში ჩილემ აჯობა არგენტინას.

2016-ში კი, ისევ კოპა ამერიკის ფინალში და ისევ მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში, ისევ ჩილესთან დამარცხდა. 3 წელიწადში ზედიზედ მესამე ფინალის წაგების შემდეგ ლიონელ მესიმ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ნაკრებიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა რამდენიმე თვეში ”ბარსელონას” ფეხბურთელი დაუბრუნდა სანაკრებო ფეხბურთს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ გასვლის საკითხი გახდა არგენტინისთვის პრობლემატური. ბოლო 4 თამაშში არგენტინამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, უფრო მეტიც, ერთადერთი გოლი, რომელიც ამ თამაშებში გაიტანა, ვენესუელელთა ავტოგოლი იყო. შედეგად მეექვსე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის საშუალებას არ იძლევა. არადა, სტატისტიკას თუ შევხედავთ, შეტევა არგენტინელებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს – ამ 4 თამაშში არგენტინამ 73-ჯერ შეძლო მეტოქის კარისკენ დარტყმა, აქედან 21 ზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოხერხდა. ნიშანდობლივია, რომ ბოლო გოლი, რომელიც არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა გაიტანა, სწორედ მესის ანგარიშზეა – მარტში არგენტინელებმა ჩილეს ნაკრები დაამარცხეს 1-0.

ამჟამინდელი მდგომარეობით, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გადის. ბოლო ტურში მესის და მის თანაგუნდელებს ეკვადორში ეკვადორთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ჩაივლის. არგენტინას გამსვლელი მეხუთე პოზიციის დაკავების თეორიული შანსი ფრის შემთხვევაშიც აქვს, ოღონდ მაშინ პერუ – კოლუმბიის მატჩში კოლუმბიამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო პარაგვაიმ საკუთარ მოედანზე ვერ უნდა მოუგოს ვენესუელას, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ამიტომ, არგენტინელებს 11 ოქტომბერს ეკვადორში აუცილებლად მოგება მართებთ.

Comments
Loading...